მისია
აისი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც არის საქართველოს სამოქალაქო თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და სამოხალისეო საქმის პოპულარიზაცია. საქმიანობის ძირითადი მიმართულება კი ორთვიანი, უფასო სამხედრო-სალაშქრო კურსების ორგანიზება და მოხალისეებისთვის ამ კუთხით საბაზისო ცოდნის მიცემაა. თუმცა, აისი მხოლოდ ამ სფეროთი არ შემოიფარგლება და ნებისმიერ მოტივირებულ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი თავი და თანამოაზრეები იპოვოს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სირბილი, ლაშქრობა, კლდეზე ცოცვა, ეკოლოგიაზე ზრუნვა, იარაღის ფლობის კულტურა და კიდევ მრავალი სხვა.

აისის მოკლე ისტორია

„ს.ო. აისი” არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც იდეოლოგიურად ჩამოყალიბდა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ხოლო ოფიციალურად დარეგისტრირდა 2009 წლის აგვისტოში. აისის დამფუძნებელი წევრები აცნობიერებდნენ საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის აუცილებლობას ბუნებრივი და ადამიანური კატასტროფებით გამოწვეულ პრობლემებზე რეაგირებისთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის არმია და სამთავრობო ორგანოები არ იყვნენ მზად, ასეთ მდგომარეობებს დამოუკიდებლად გამკლავებოდნენ საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის სრული ჩართულობის გარეშე.
სწორედ ამიტომ, ჩვენ დავაფუძნეთ ორგანიზაცია, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართული საზოგადოების თავდაცვისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გაძლიერება. აისის დაფუძნებისთანავე ჩვენი ორგანიზაციის თითოეულმა წევრმა დაიწყო ცოდნის შეგროვება და გაზიარება სამოქალაქო თავდაცვის მეთოდების შესახებ. დროთა განმავლობაში, ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა და დავიწყეთ საბაზისო კურსების ჩატარება, რათა მოხალისეებისათვის მიგვეცა ის ძირითადი უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ კრიტიკული მდგომარეობებისას საკუთარი და სხვების სიცოცხლის გადარჩენაში. დღეს საბაზისო კურსი გავლილი აქვს 1000-ზე მეტ მოხალისეს. თითოეულ მათგანს საბაზისო დონეზე აქვს შესწავლილი ტოპოგრაფია და ნავიგაცია, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ინდივიდუალური თუ ჯგუფური სანგრის მომზადება, ტყეში დაბანაკება და ლაშქრობა, კლდეზე ცოცვა და სხვა.

სამომავლო გეგმები
ჩვენი ორგანიზაციის უპირველესი მიზანი ქართული საზოგადოების თავდაცვისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გაძლიერებაა, ეს კი წარმოუდგენელია ძლიერი და მომზადებული მოქალაქეების გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენი სამომავლო გეგმაა, გავფართოვდეთ და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თუნდაც საბაზისო დონეზე შევასწავლოთ ის ძირითადი უნარები, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარებათ კრიზისულ სიტუაციებში.
ჩვენი პარტნიორები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი დაარსების დღიდან თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. 2016 წელს თავდაცვის სამინისტროსთან გავაფორმეთ პირველი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რასაც 2021 წელს მოჰყვა ხელახალი მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომლობის ახალ დონეზე გადასვლა. დღეს, ჩვენი ორგანიზაციის წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სწავლებებში და ძალიან ახლოს თანამშრომლობენ საქართველოს თავდაცვის ძალებთან. ჩვენი ორგანიზაციის კიდევ ერთი პარტნიორია საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, რომელთან თანამშრომლობის ფარგლებშიც აისის წევრებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ გამოიყენონ თბილისის ბოტანიკურ ბაღში მდებარე ბუნებრივი საცოცი კედელი. დამატებით, აისი თანამშრომლობს ქართულ სპორტის ქომაგებსა და ბორჯღალოსნების მხარდამჭერებთან და ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანებულ მოხალისეებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს საქართველოს ნაკრების მონაწილეობით. ჩვენი ორგანიზაციის კიდევ ერთი პარტნიორია „პრაქტიკული სროლა“. აღიშნული ორგანიზაცია აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ცეცხლსასროლი იარაღის კანონიერად ფლობის კულტურას და ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, აღნიშნული საქმე ჩვენთვის მისასალმებელია და ჩვენი ორგანიზაციის წევრებიც, შესაძლებლობის ფარგლებში, აქტიურად ეხმარებიან აღნიშნულ ორგანიზაციას სხვადასხვა შეჯიბრებისა თუ ტურნირების ორგანიზებაში.
ხშირად დასმული შეკითხვები
კურსზე მოსახვედრად უნდა შეავსოთ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული ანკეტა ან ჩაეწეროთ მომლოდინეთა სიაში. ანკეტა, როგორც წესი, ქვეყნდება ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ინფორმაცია, ანკეტის განთავსების შესახებ ქვეყნდება ჩვენს სოც. მედია გვერდებზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თვალი გვადევნოთ Facebook-სა და Instagram გვერდებზე.
კურსის გავლა არის უფასო. კურსის გასავლელად საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი მოტივაცია. პრაქტიკული სწავლებისას კი გევალებათ თქვენთვის სამყოფი საკვების ქონა. დანარჩენს ყველაფერს უზრუნველვყოფთ ჩვენ.
აისი მოხალისეობრივი ორგანიზაციაა, რომლის შემოსავლის ერთადერთ წყაროს მისი წევრების მიერ გადახდილი საწევრო წარმოადგენს. საწევროს ოდენობა სიმბოლურია და ის ყოველთვიურად 5 ლარს შეადგენს. თუმცა, რა თქმა უნდა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია საწევროს გაზრდილი ოდენობით გადახდა ან აისის სხვა გზებით დახმარებაც. თუ ჩვენი დახმარების სურვილი გაქვთ, აუცილებლად დაგვიკავშირდით.
არა, საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, სამოქალაქო პირების მიერ მოხდეს მოხალისეების საცეცხლე გადამზადება. თუმცა, კურსის ფარგლებში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა მიიღოთ გავრცელებული ნახევრადავტომატური შაშხანების შესახებ. აისის წევრებისათვის კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შესაძლებელია სპეციალური წვრთნების გავლა, სადაც მათ, შესაძლოა, ჰქონდეთ სხვადასხვა დონის შეხება ცეცხლსასროლ იარაღთან.
