თავდაცვის ძალების ორგანიზებით, 24 მაისს, ქალაქ ქუთაისის მიმდებარედ ჩატარდა შეჯიბრი „ორიენტირებით სირბილში“. ტურნირი მოიცავდა სპეციალური სპორტული რუკის საშუალებით ნავიგაციას და მონიშნული წერტილების პოვნას.
აღნიშნულ შეჯიბრში, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. კერძოდ, საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისისა და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის გუნდებიც. ტურნირი მოხალისეებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. აისის ერთ-ერთმა წევრმა, ჯეიმს კვარაცხელიამ საპრიზო, მე-3 ადგილი დაიკავა.
შეჯიბრი საკმაოდ კონკურენტულ გარემოში გაიმართა, რადგან მასში მონაწილეობას იღებდა 38 მონაწილე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თითქმის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან. აღნიშნულმა, ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოპოვებული წარმატება კიდევ უფრო გამორჩეული გახადა.
მოხალისეთა ორგანიზაციების მიმართ გამოხატული კეთილგანწყობისათვის მადლობას ვუხდით ტურნირის მონაწილეებს, დამსწრეებსა და ორგანიზატორებს. ასევე, მადლობა საქართველოს თავდაცვის ძალებს შეჯიბრზე მოწვევისთვის და ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
